„გაგრილდებიან ცოტას, 7 ნოემბერი ხომ არ არის, შესცივდეთ“ – სენაკის მერიის თანამშრომელი გუშინდელ მოვლენებზე

„არაუშავს, გაგრილდებიან ცოტას, 7 ნოემბერი ხომ არ არის, რომ შესცივდეთ“, – ასე გამოეხმაურა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ირმა კუპრეიშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.
ირმა კუპრეიშვილის „ფეისბუქგვერდზე“ სხვა სტატუსებიც განთავსდა: „უგულავას გაზის გაშვება უკვირს, მართლა ამ ფეკალიის მასას“; „”დაბოლილებზე ბოლი არ მოქმედებს”.


“კვირა“ ირმა კუპრეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას თავისი „ფეისბუქგვერდი“ ჩართული დარჩა და არ იცის, ვინ დაწერა აღნიშნული “პოსტები” თავის გვერდზე.
„არ არის ჩემი დადებული. საერთოდ, რომელ კომპიუტერშიც შევალ, გვერდის ღიად დატოვება ვიცი. ამ ყველაფრის “დაპოსტვა” ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. დღეს დილიდან ყველაფერი წავშალე და გავაუქმე გვერდი, იმხელა აგრესია მოდიოდა, რომ.. და აბსოლუტურად სამართლიანადაც“, – აღნიშნა კუპრეიშვილმა.
როგორც კუპრეიშვილი ამბობს, ეჭვი არავისზე აქვს. მან ჯერ არ იცის, მიმართავს პოლიციას თუ არა, რათა აღნიშნულ საქმეზე დამნაშავე დადგინდეს.
„ეჭვი არავისზე აქვს. საერთოდ, ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს, სადაც დავჯდები (კომპიუტერთან), ვიცი გვერდის ღიად დატოვება. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და მომავალში გადავწყვეტ, როგორ გავაკეთო და რანაირად – მივმართო თუ არა გამოძიებას.
ძალიან რთული წასაკითხია ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ წავშალე გვერდი საერთოდ იმიტომ, რომ აბსოლუტურად სამართლიანი აგრესია მოდის საზოგადოებისგან და სანამ განვუმარტავ მათ და ვეტყვი, იქ რა ტექნიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი, ჩემთვისაც ძალიან რთულია ემოციურად ეს ყველაფერი. ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ, რომ ყველაფერი წამეშალა“, – აღნიშნა ირმა კუპრეიშვილმა ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, მას გუშინ განვითარებული მოვლენებისთვის თავიდან ბოლომდე არ მიუდევნებია თვალი, რადგან „ქვეყანა საქმე იყო გასაკეთებელი“.
„გუშინ იყო ძალიან დიდი შეცდომა და პროვოკაცია. შეცდომა იყო ის, რომ რუსი აგრესორი არ უნდა ყოფილიყო პარლამენტში. რეაქცია იყო ძალიან სწორი, მაგრამ როდესაც ფარგლებს გარეთ გადავიდა მოქმედება, მერე ბოლომდე არ მიყურებია, მართალი გითხრათ, რა მოხდა. მე ვხედავდი, პოლიცია მაქსიმალურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ცდილობდა, არ გაერთულებინა სიტუაცია. მერე მე გავედი „ფეისბუქიდან“ და მერე უკვე დილით ისეთი სტატუსები დამხვდა, მართალი გითხრათ, სამსახურში რომ მოვედი, მერე შევედი „ფეისბუქზე“. არც მეცალა, ქვეყანა საქმე მქონდა გასაკეთებელი და როცა „ფეისბუქის“ გვერდი გავხსენი, მაშინ დამხვდა ასეთი სიტუაცია“, – განაცხადა ირმა კუპრეიშვილმა „კვირასთან“ საუბარში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები