მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ქვარაიას თქმით, ოპოზიციის ლიდერები მომხდარის დრამატიზირებას იმაზე მეტად ახდენენ, ვიდრე რეალურად არის:

“ყველანი ვთანხმდებით, რომ მოხდა სამწუხარო შეცდომა, თუმცა ყველაფერზე ადეკვატური რეაქციაა საჭირო და არა ის, რასაც რევანშის მოლოდინში მყოფი ოპოზიციისგან ვხედავთ. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ მომხდარის გაბუქებას და გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის, ამიტომაც ახდენენ მდგომარეობის იმაზე მეტად დრამატიზირებას, ვიდრე რეალურად არის. უპასუხისმგებლობა სწორედ ესაა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქისგან ნებისმიერი საყვედური მისაღებია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობისგან. კარგია, რომ საზოგადოება ოპოზიციისგან განსხვავებით ობიექტურად აფასებს რეალობას”, – აცხადებს ქვარაია.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ამ ფაქტს „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები