ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმს, რომელიც რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოიტანა, იგი ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას ერთი საათის განმავლობაში იხილავდა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ექიმი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 18 ივნისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისათვის, შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.