უკრაინის პოლიცია: ტიმჩუკს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი – მასთან ქალი იყო

უკრაინის ნაციონალური პოლიცია კიევში რადას დეპუტატის, დიმიტრი ტიმჩუკის გარდაცვალების 3 ვერსიას განიხილავს. ესენია: თვითმკვლელობა, მკვლელობა და იარაღთან დაუდევარი მოპყრობა. ამის შესახებ ქვეყნის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა – სერგეი კნიაზევმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რამდენი გასროლა იყო, ვერ გეტყვით. ექსპერტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. ამ ეტაპზე, გამოძიება სამ ვერსიას განიხილავს: მკვლელობას, თვითმკვლელობასა და იარაღის დაუდევრად გამოყენებას”, – თქვა კნიაზევმა.
ამასთან, მან თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტიმჩუკი გარდაცვალების დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, უარყო და განაცხადა, რომ დეპუტატთან ერთად მის კუთვნილ ბინაში ქალი იყო, რომლის ვინაობასაც პოლიცია, ამ დროისთვის, არ ასაჯაროვებს.
“არის ქალბატონი, რომელიც დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ის ახლა ჩვენებას აძლევს. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, იკითხებიან მეზობლები. სხვადასხვა ვერსია განიხილება”, – დაამატა ნაციონალური პოლიციის უფროსმა.
კნიაზევის განმარტებით, გარდაცვლილი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. რის გამოც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაც აღიძრა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები, ექსპერტები და სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფები.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადას დეპუტატი, “სახალხო ფრონტის” წევრი და ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორი – დიმიტრი ტიმჩუკი ცეცხლსასროლი იარაღის წმენდის დროს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქს უკრაინა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, გამოძიების პირველადი ვერსიის მიხედვით, ტიმჩუკმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი იარაღს წმენდდა – მან საკუთარ თავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადას დეპუტატმა, ანტონ გერაშენკომ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები