„ახალგაზრდა ადვოკატები“: პროკურატურამ TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე დაზარალებულად ცნო

0

პროკურატურამ მოქალაქე ზვიად გოგიაშვილი, რომელიც TBC ბანკის თანამშრომელმა სასტიკად სცემა, დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ზვიად გოგიაშვილის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურამ ზვიად გოგიაშვილი დაზარალებულად ცნო.
„დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან 10:14 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „თიბისი ბანკის“ სესხების ექსპერტმა მ.ხ-მ, რომელმაც მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. დატყმის შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულის მიმართ შეჩერებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სრულად შეისწავლის საქმის მასალებს და განახორციელებს ზვიად გოგიაშვილის ადვოკატირებას. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი