ბექა დავითულიანი: ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

“თბილისის მერის ინიციატივა ქაოტური განაშენიანების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი თბილისის მერის ინიციატივას.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფციით, სამშენებლო ფართისა და სანებართვო პირობების დამრღვევი კომპანია სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, იკრძალება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებით სარგებლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოაყენა ქალაქის მერმა, რომლის მიხედვით დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება და თბილისის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. კანონი შეეხება ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიც სამშენებლო ფართის გადამეტება და სანებართვო პირობების დარღვევაა. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიები ხშირად არღვევდნენ სამშენებლო პირობებს. მაგალითად, 10 სართულის ნაცვლად 12-სართულიან შენობას აშენებდნენ, რისთვისაც განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უღირდათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრების გამო, დედაქალაქის მთავრობა ერთჯერად აქტს მიიღებს და იმ ნაგებობებს, რომლებშიც ხალხი ცხოვრობს, მაგრამ წლებია, მერიას არ ჩაუბარებია, ექსპლუატაციაში მიიღებს.
„ქალაქში არის, დაახლოებით, 700 შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ჩვენ ეს ობიექტები აღვრიცხეთ. სამწუხაროდ, ბევრი დარღვევა ვეღარ გამოსწორდება, ზოგი სამშენებლო კომპანია, რომელმაც ეს შენობები ააშენა, ბაზარზე აღარც არსებობს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ის ობიექტები, რომელთაც აქვთ დარღვევები, მაგრამ იქ ადამიანების ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, ექსპლუატაციაში მივიღოთ”,  – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები