სიძულვილის ჯგუფების წევრთა ადვოკატი: გამოძიებას აინტერესებდა, სად გვაქვს კომბლების საწყობი

სიძულვილის ჯგუფების წევრთა ადვოკატი, დავით ცინცქილაძე აცხადებს, რომ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ პირებს სამართალდამცველები ეკითხებოდნენ ლევან ვასაძის პიროვნების შესახებ, ასევე, აინტერესებდათ, საიდან ფინანსდებიან ისინი. ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ძირითადად, აქვთ შეკითხვები ლევან ვასაძის პიროვნებასთან დაკავშირებით. ისინი ფიქრობენ, რომ, თითქოს, ლევან ვასაძემ შექმნა უკანონო გაერთიანება, ლაშქარი, რაზმი და ხელმძღვანელობს მას. გვეკითხებოდნენ, საიდან ფინანსდებიან ეს ჯგუფები, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯებს ვინ უზურნველყოფს. გამოძიების მთავარი შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ სად გვაქვს კომბლების საწყობი და ვინაა ამ კომბლების მომწოდებელი. ზოგიერთმა გამოკითხულმა უპასუხა, რომ ის თავის კომბალს სხვენში ინახავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.
ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ “თბილისის პრაიდისა” და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში თბილისში „იპატრულირებენ“
მისი თქმით, კორდონის გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობდნენ და, თუ პოლიცია მათ წინააღმდეგობას გაუწევდა, “კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი”.
“ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს”, — განაცხადა მან.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები