თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააჟღერა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბაიდარაშვილს ალექსანდრე ტოგონიძე შეცვლის, რომელიც მერიაში აქამდე ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
“ბოლო დროს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და წარმატებული პროექტი იყო ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია, რომლის განხორციელებისთვის თბილისის განვითარების ფონდმა და მისმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაიდარაშვილმა უდიდესი შრომა გასწია. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. გიორგი არის მაღალი დონის პროფესიონალი და ფონდის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მან დიდი წვლილი შეიტანა იმ დიდ საქმეში, რომელიც მსხვილი ისტორიული არეალების რეაბილიტაციას და გაცოცხლებას ითვალისწინებს.
ამის მიუხედავად, ყველა პროფესიონალს აქვს თავისი გეგმები კარიერული თუ განვითარების თვალსაზრისით და გიორგიმაც გადაწყვიტა, რომ დატოვოს ფონდის ხელმძღვანელის პოზიცია. ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე პატივს ვცემ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას საქმიანობაში და ამავე დროს, საზოგადოებას წარვუდგინო თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე.
ალექსანდრე აქამდე იკავებდა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო უფრო ადრე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება. ვფიქრობ, მას კარგად ესმის ურბანული გამოწვევები, არის კარგი მენეჯერი. მისი ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში დამტკიცდა გენერალური გეგმა, აიკრძალა K კოეფიციენტების მატება, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება დადგენილებებში, რაც ქალაქის სწორ განვითარებისთვის არის აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, სანდრო ამ მოვალეობასაც თავს კარგად გაართმევს და არაერთი ისტორიული პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები