პოლიციამ რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავა

რუსთავში პოლიციამ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დააკავა.
„შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა.
მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს.
ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე – სხვისთვის.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა.
12 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს.
მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.
12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები