პროკურატურა “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს”, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2012 წლის 8 დეკემბერს, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საფუძველზე.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად, ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.
აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს გამომდინარე იქედან, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს. ასევე, საგულისხმოა, რომ საქმეში სხვადასხვა ეპიზოდის ერთიანობა და მათი ქმედებების დანაშაულებრივი შეფასება უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები