ანდრია გვიდიანი: ის, რომ აპრილში ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, პოზიტიური მაჩვენებელია
მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკის 5,1 პროცენტით ზრდას ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი დადებითად აფასებს.
გვიდიანი “კვირასთან” იმ ფაქტორებს ასახელებს, რა ფაქტორებითაც, მისი თქმით, ეს ზრდაა განპირობებული.
“მივიჩნევ, რომ, ერთი მხრივ, ეს უკავშირდება გააქტიურებულ ბიზნესსაქმიანობას, მეორე მხრივ, როგორც ვიცი, გაზრდილია საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რაც, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული შემოდინებები გაზრდილია და წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. ეს ბუნებრივია, საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს. თქვენ იცით, რომ რეგიონში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, შესაბამისად, ჩვენ გვინდა უფრო მეტი; მაგრამ რეგიონში, სავაჭრო პარტნიორებში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე 5,1% -იანი ზრდა ვფიქრობ, ძალიან დადებითი და პოზიტიური მაჩვენებელია. გარდა ამისა, მე გამოვყოფდი მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმას. ამ რეფორმამ გარკვეული სტიმული მისცა მცირე და საშუალო ბიზნეს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გამოიწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ აქცენტი მაქსიმალურად გადავიდეს ბიზნესზე და ბიზნესი იყოს მთავარი ლოკომოტივი ეკონომიკურ ზრდაში, რა საკვირველია, პოზიტიური და მისასალმებელია. ჩვენი მთავარი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს მორგებული კერძო სექტორზე, კერძო ბიზნესზე და ასეთმა ბიზნესმა უნდა შექმნას სწორედ ეკონომიკა”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
“წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ხოლო რაც შეეხება 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურ ზრდას – მათივე ცნობით, ეს 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
“2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობაში”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.geostat.ge%2Fmedia%2F24137%2Fekonomikuri-zrda_31.05.2019-%2528geo%2529.pdf%3Ffbclid%3DIwAR0WNA9uFgpY5gKVZxNfHsqpngj66xNvoNrBhf7MPv5g1LvQ5zDPENhsfDI&h=AT1IjuETIU1imIhGzgsb8TwT76WHk-LoOF56PhO0stBqqQCdnkdYFLHcw5rh9IMAOvoe6qtlwgFaAfzXnYkqXvhfbenYo1IL0OcMtORMbWcKUnEbGQ9kExgfIlsZpPEH1XP2FQ