დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა – „6 თვეა, სახლში არ ვყოფილვარ“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისთვის პოლიციელებს ბოდიში მოუხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
გარდა ამისა, კირკიტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიციელების საქმიანობას პატივს სცემს და მათ ბოდიშს უხდის.
„6 თვეა, სახლში არ ვყოფილვარ. მზად ვარ, თითოეულ თქვენგანთან ტელევიზიაში მივიდე და სხვადასხვა საკითხზე პირდაპირ ეთერში ვისაუბრო. რაც შეეხება ჩემ  ბრალეულობას – მე პოლიციელების საქმიანობას პატივს ვცემ და ბოდიშს ვუხდი მათ, თუმცა  ველისციხეში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტობუსზე იმიტომ ავედი, რომ აქციის მონაწილეებისთვის გზა გამეთავისუფლებინა, სადაც სამარცხვინო არჩევნებს ვაპროტესტებდით“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით განიხილებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები