ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება

„უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რაც რეგიონში პირველი პრეცენდენტია. ეს იქნება საკმაოდ მაღალტექნოლოგიური წარმოება, საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა დღეს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის” და ჩინური კომპანია „ჩანგანის” წარმომადგენლებს შეხვდა.
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „აი გრუპს”, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „აი გრუპს”, აგრეთვე კომპანია „აი გრუპსა” და ჩინურ კომპანია „ჩანგანს” შორის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი.
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ორი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.
„ვასრულებთ ამ დანაპირებს, ხელი მოვაწერეთ რამდენიმე ხელშეკრულებას კომპანია „აი გრუპთან” და მათ პარტნიორ კომპანია „ჩანგანთან”. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ეს ქარხანა აშენდება ქუთაისში, რომელიც მდიდარია მანქანათმშენებლობის ტრადიციებით და ეს ტრადიცია ჩვენ უნდა ავაღორძინოთ, ამისთვის სახელმწიფო კომპანიას გადასცემს შესაბამის მიწას და მხარს დაუჭერს ქარხნის მშენებლობას”,- აღნიშნა ნათია თურნავამ
კომპანია „აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ხაზი გაუსვა საქართველოში „მწვანე ეკონომიკის” განვითარების მნიშვნელობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც გულისხმობს, ამაში კი ახალი ქარხნის პროდუქცია თავის წვლილს შეიტანს.
მინისტრმა პროექტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქარხნის ასაშენებლად საქართველოს შერჩევისთვის.
„რეგიონში სხვა ოფციებიც არსებობდა, მაგრამ მათთვის ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მიმზიდველი სწორედ საქართველოა. დიდი მადლობა „აი გრუპს”, რომ გვეხმარება მწვანე ეკონომიკის მშენებლობაში და ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში გამოჩნდება ახალი, ლამაზი, დახვეწილი, ქართული წარმოების ელექტრომობილები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები