გიორგი გახარია: სიმბოლურია 26 მაისის აღნიშვნა ზუგდიდიდან, ისევე, როგორც გორიდან – ამ დღის აღქმა არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური

  1. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა. გიორგი გახარიამ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებთან 26 მაისს სამინისტროს მიერ ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითა, განსაკუთრებით ქვეყნის ერთიანობის კონტექსტში.

„პირველ რიგში, გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეს ზეიმობს ზუგდიდში, რამეთუ, წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანი ქვეყნის გარეშე და პირველ რიგში, ზუგდიდიდან, ისევე, როგორც გორიდან, ეს აღქმა ამ დღისა არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური.

პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საერთოდ, მსოფლიო დემოკრატიისთვის. ეს იყო პირველი სოციალურ-დემოკრატიული მთავრობა, არჩევითი. დღეს სიმბოლურია ისიც, რომ მაშინაც, 26 მაისი იყო კვირა დღე და დღესაც არის კვირა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით სამეგრელოდან, 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა დამოუკიდებლობა და რომელმაც ახალი, თანამედროვე იერსახე და ფერები შეიძინა, ის ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

ჩვენთვის სამეგრელოში ამ დღის აღნიშვნა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის აბსოლუტურად სიმბოლური და ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობა, ერთიან ქვეყანაში და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უდიდესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია – „ეს დღე ჩვენია“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდში გამართა ღონისძიებები. ზუგდიდში ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე 11 საათიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში წარმოდგენილია სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი – ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც გამოფენილია მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმისა და ქართველი ემიგრანტების შესახებ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ, სიმბოლურად მოაწერონ ხელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები