ნათია თურნავა: საჭიროების შემთხვევაში, ჭიათურაში ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ვთვლით, რომ კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს

“ვიცით, რომ კომპანის აქვს გარკვეული შემოთავაზებები და ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე ერთ მაგიდას მიუჯდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მაღაროელების გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ვითარებაში არის ის, რომ მაღაროელთა უფლებები ცალსახად დაცული იყოს.

“ჩვენი სამინისტრო ძალიან დეტალურად არის ჩართული ამ პროცესებში. მედიაცია დაწყებულია პირველივე დღიდან და სახელმწიფო წარმოდგენილია შრომის ინსპექციით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ვითარებაში არის ის, რომ მაღაროელების უფლებები ცალსახად დაცული იყოს, მათ ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანდაცვის მაღალი სტანდარტის შესატყვისი შრომის პირობები და ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული. რაც შეეხება ფინანსურ პაკეტს, შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას, ამასაც ვადევნებთ თვალყურს, ვიცით, რომ კომპანის აქვს გარკვეული შემოთავაზებები და ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე, ერთ მაგიდას მიუჯდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია. კომუნიკაციას, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს კომუნიკაცია, ალბათ, უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში შედგება.

პირველ რიგში, თავად ბიზნესს, კომპანიას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომელსაც ყველაზე მეტად ექმნება პრობლემა, რადგან მათი ბიზნესი პრაქტიკულად გაჩერებულია და ზარალობენ. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაიაზროს ეს პრობლემა და ნორმალური, ღირსეული შემოთავაზება გაუკეთოს თავის თანამშრომლებს. ეს, პირველ რიგში, მათ ინტერესშია. რასაკვირველია, დაინტერესებულები ვართ, ეს კომუნიკაცია რაც შეიძლება სწრაფად შედგეს. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ვთვლით, რომ კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შემოთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს. და ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თვითონ მაღაროელებიც, როგორც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ პროცესს, ახლაც პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები