ბექა ნაცვლიშვილი: რამდენიმე დეპუტატი გამოვდივართ ინიციატივით, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი პარლამენტში დავიბაროთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის პარლამენტში მისვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჭიათურაში შეიქმნა საკმაოდ მძიმე ვითარება, აქედან გამომდინარე, მე და რამდენიმე დეპუტატი გამოვალთ ინიციატივით, რომ პარლამენტში დავიბაროთ დროებითი მმართველი, რომელიც დღეს არის დანიშნული სახელმწიფოს მიერ. გამომდინარე იქედან, რომ უკვე ეს არის კრიზისული სიტუაცია, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ დრო ვერ გამოგვიყვანს, არამედ გამოგვიყვანს მარტო ცივ გონებაზე გადაწყვეტილეის მიღება და გვინდა, რომ უკეთ გავერკვეთ ვითარებაში, რადგან ეს არის სახელმწიფო მმართველი., პარლამენტიც, როგორც წარმომდგენლობითი ორგანო, რა თქმა უნდა, დაინტერესებული უნდა იყოს ამ საკითხით, რადგან სახელმწიფოს მიერ წარგზავნილია იქ მენეჯერი, რომელსაც სიტუაცია უნდა შეეცვალა სიკეთისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამას ადგილი არ აქვს და ეს იწვევს იქ თანამშრომლების უკმაყოფილებას; ამიტომ გვინდა, მისი პოზიცია მოვისმინოთ. გუშინ გაჟღერდა ასეთი რაღაც, რომ, თითქოს, ეს გაფიცვა არის უსამართლო. ზოგადად, უსამართლო გაფიცვა არ არსებობს. ეს ნონსენსია. გაფიცვა არის მშრომელების ხელში ერთადერთი იარაღი, რომ მათ, ელემენტარულად, იმ პირობებს მიაღწიონ, რომელი პირობებიც, უბრალოდ, მათი გადარჩენისთვის არის საჭირო საქართველოში. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს, რა ვითარებაა, რა ეკონომიკური ვითარებაა თავად საწარმოში, როგორია მოგება, მისი წარმატება ამ შემთხვევაში, რომ შესაბამისად გავიგოთ ეს მოთხოვნები, რომელიც დადგა, არის, თუ არა შესაბამისობაში იმ ეკონომიკურ ვითარებასთან, რა ეკონომიკური ვითარებაც აქვს საწარმოს. ძალიან საინტერესო იქნება მისი პოზიცია და გვსურს, რომ ის მოვიდეს პარლამენტში და გააკეთოს ანგარიში ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები არიან გაფიცულები. გაფიცვა 16 მაისს დაიწყო. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. კომპანია ამბობს, რომ მზად არის, მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია. კომპანიის ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.
„მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის კი ეს გახლავთ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მაღაროელების გაფიცვა, მით უფრო დიდ დარტყმას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა.
ლომინაძის განცხადებით, ვინაიდან კომპანიას მიაჩნია, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, „ჯორჯიან მანგანეზი“ აპირებს, აღნიშნული პროცესი სასამართლოში გააგრძელოს და სიტუაცია კანონის დახმარებით დაარეგულიროს.
„თავდაპირველად, მოთხოვნილი იყო ხელფასების 50%-იანი ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არაადეკვატურია. ასევე, ამ არაადეკვატურ მოთხოვნას, რაც წაყენებული იყო, ადასტურებს მის არარეალორობას ის გარემოებაც, რომ არანაირი ჯგუფი იქნა გაფიცულთა მხრიდან გამოყოფილი, ვისთანაც მოხდებოდა აღნიშნული საკითხის გავლა. ჩვენი მხრიდან ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის შედეგად მივედით იმ რეზულტატზე, რომ მზად ვიყავით, 25%-იანი ზრდა შეგვეთავაზებინა, რომელიც ეფუძნებოდა იმ რეორგანიზაციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ განვახორიცელოთ კომპანიაში. აქ საუბარი არ არის რეორგანიზაციის დროს ჩვენი თანამშრომლების შემცირებაზე, აქ საუბარია იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლებიც, შეიძლება, განხორციელდეს კომპანიაში, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები და სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად მიღებული დანაზოგი გადავანაწილოთ უკვე ხელფასებად“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები