“საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს. მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია ასეთი მერყეობა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, კურსის ცვლილება არ გამოიწვევს ინფლაციას. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისთვის შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს.
„მოკლევადიან მერყეობა – ეს არის დამახასიათებელი მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შოკების შთანთქმა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა დროს მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის წარმოიქმნას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გამოსვლაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი კურსის მერყეობა.