თამარ ხულორდავამ სემინარში „ევროპა – საქართველოს ისტორიული არჩევანი” მონაწილეობა მიიღო

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ინტეგრაცია წარმოუდგენელია ძლიერი თვითმმართველობის გარეშე”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოში „ევროპის დღეები 2019″-ის ფარგლებში გამართლ სემინარზე: „ევროპა – საქართველოს ისტორიული არჩევანი” შედგა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
კომიტეტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები. ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. თამარ ხულორდავამ ყურადღება რეფორმების იმ შედეგებზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის აქტუალური. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თვითმმართველობის კომპეტენციით, მიწაზე საკუთრებისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებით, გარემოს დაცვითი ზომებით და ახალი რეგულაციების პრაქტიკაში ამოქმედებასთან დაკავშირებული სირთულეებით.
„მერებმა და საკრებულოს წევრებმა ყველაზე კარგად იციან რა პრობლემები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ჩართვა საკანონმდებლო პროცესში, ისევე, როგორც უკვე მიღებული კანონების განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში. ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ის ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმაა, რომელიც თანდათანობით ამკვიდრებს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებს, აძლიერებს ინსტიტუტებს, ხელს უწყობს უკეთესი, უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას, აჩენს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, ინვესტიციების წახალისებისა და სამუშაო ადგილების შექმნით. ევროპული ინტეგრაცია ყველა ჩვენს მოქალაქეს ეხება და ბუნებრივია ეხება ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასაც”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.
სემინარი „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი” წელს მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებას ევროპული ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ რეგიონებში ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და უზრუნველყონ საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმებისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები