“ჯორჯიან მანგანეზი”, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის, დასაქმებულებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს”

“ჯორჯიან მანგანეზი”, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის, თითოეულ დასაქმებულს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ, – ამის შესახებ შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
დარწმუნებულები ვართ, რომ თვალს ადევნებთ ჭიათურაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, ამ წერილით დამატებით გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ გუშინ, 18 მაისს გაფიცულების მიერ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებზე სარემონტო ბრიგადების არდაშვებაზე; კერძოდ, ადგილზე მისულ ბრიგადებს გაფიცულთა ჯგუფები დახვდა და გზის გადაკეტვით აიძულა ობიექტების დატოვება. გაფიცულთა განცხადებით, მაღაროში ბრიგადების შესვლას მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე არ დაუშვებენ.
გაცნობებთ, რომ სარემონტო ბრიგადას სამთო გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ევალება, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე პროცესია მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. სამთო წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პროცესის თუნდაც მცირე დროით შეჩერებამ შესაძლოა,​ სამთო მასის ჩამოშლა გამოიწვიოს, რის შედეგადაც ჩამოშლილი მასით ჩაიხერგება გვირაბები და მათ აღდგენას დიდი დრო და რესურსი დასჭირდება. ამავდროულად, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებასა და მესამე პირთა საკუთრებას, რადგან გვირაბების ჩამოშლამ მოსალოდნელია, მიწის ზედაპირის ჩაწოლა გამოიწვიოს. ამასთან, გამაგრებითი სამუშაოების წარმოების დაგვიანება თუ შეჩერება, უპირველეს ყოვლისა, რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალი სამუშაო ადგილის უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ გამაგრებითი სამუშაოების უწყვეტი წარმოების აუცილებლობა სამთო წარმოებაში დასაქმებული ყველა პროფესიის ადამიანისათვის არის ცნობილი და დღემდე ნებისმიერი, თუნდაც საყოველთაო გაფიცვის პირობებში, ამ სამუშაოების წარმოებას გაფიცული მაღაროელები არასდროს აფერხებდნენ. შპს “ჯორჯიან მანგანეზი”, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის, თითოეულ დასაქმებულს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გაფიცულები კეთილგონიერებას გამოიჩენენ, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყველა იმ შესაძლო რისკს, რაც მათმა ქმედებამ შეიძლება, გამოიწვიოს და სარემონტო ბრიგადებს გამაგრებითი სამუშაოების წარმოებაში შემდგომ დაბრკოლებებს არ შეუქმნიან. ზემოთმოცემულის გათვალისწინებით ნათელია, რომ დავის დროული გადაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველასთვის. ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, ხელი შეუწყოთ თქვენი წევრების სათანადო ინფორმირებას კომპანიის მოწოდებების თაობაზე, მათ შორის მოლაპარაკებების თუ მედიაციის დაწყების თაობაზე; აგრეთვე, განუმარტოთ მათი ქმედებების შესაძლო შედეგები, რათა უკვე ორშაბათს, 20 მაისს მეორე მხარის მიერ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას”, – აღნიშნულია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები