ანა მიქელაძე: არცერთ დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაუფიქსირებია

“არცერთ დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაუფიქსირებია“, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ 15:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
ანა მიქელაძემ მედიას რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, მან აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით.
წყალტუბოს მე-15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, აპარატი ჩაანაცვლეს სარეზერვო მოწყობილობით. ამ დროისთვის, კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ზუგდიდის N 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 3 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა მას საქმიანობის განხორციელების პროცესში. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა, გამოეძახებინა პოლიცია. დამკვირვებლები „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები არიან.
„ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მინდა, განცხადება გავაკეთო გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, პირადობის მოწმობების გარეშე ხმის მიცემის შესახებ: საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტენის გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე, დარჩენილია რამდენიმე საათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები