საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

საქართველოს, 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი – კრისტინ ლაგარდი ეწვევა.
20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.,
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.
კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის. ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
2017 წელს, სსფ-ს მხარდაჭერით, საქართველოში 3-წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს, მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ პროგრამის სამი მიმოხილვა დაასრულა და მის წარმატებით განხორციელებას განაგრძობს.
კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები