ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა

“ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმუშავებთ. საუბარია, უფრო კოორდინირებულ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე. აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მიტანაზე ყველა ოჯახამდე და ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვაზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს ქვეყანაში კონკრეტული პროექტები დავახვედროთ.

“ჩვენთან დაინიშნა სპეციალური მოადგილე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საინვესტიციო პოლიტიკას, “ერთი ფანჯრის პრინციპით” სხვა უწყებებში, ის თავიდან ბოლომდე გაჰყვება ინვესტორებს, პროექტის დაწყებიდანვე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა აქცენტი, მოსახლეობისთვის ყველა საყოფაცხოვრებო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა მივიდეს ყველა ოჯახში და მან საქართველოს ყველა დასახლება, ქალაქი თუ სოფელი მოიცვას. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა გაზიფიკაციის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება. მისი თქმით, დღეს გაზიფიცირებულია ქვეყნის ტერიტორიის 80 პროცენტი.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი გაზრდა, რათა გაზი ყველა დასახლებას მივაწოდოთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მესამე პრიორიტეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა დაასახელა.

“დღეს მათ სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესების შექმნა. ამ კუთხით, მე გამოვყოფდი ანტიდემპინგურ კანონს, რომელიც შევიმუშავეთ, საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და მალე წარვადგენთ განსახილველად. ჩვენი ლიბერალური ბაზრის პირობებში, თუკი ამა თუ იმ ინდუსტრიას დასჭირდება დაცვა უხარისხო ანალოგიებისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტისგან, ამ კანონით, შესაძლებელი იქნება დაცვის მექანიზმის ამოქმედება. ბევრი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მიმართავს ასეთ ცივილიზებულ მეთოდს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ყურადღება საგარეო ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების დაცვის მექანიზმებზეც გაამახვილა​.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები