პროკურატურამ გია დანელია ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხა

პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, გამოკითხა.
როგორც „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე. ამ დროისთვის, გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი – გია დანელია, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით“, – განუცხადეს „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში.
ცნობისათვის, ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოს შენობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო დეპუტატები შეიჭრნენ და დეპუტატ გია დანელიას მანდატის შეჩერებას ითხოვენ.
ამასთან, პარლამენტის დეპუტატი – ნიკა მელია აცხადებს, რომ საკრებულოს შენობაში „მოძალადე“ გია დანელია იმყოფება, რომელიც პროკურატურას არც კი დაუკითხავს.
„ეს ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული ან უფლებამოსილება შეუწყდეს, კვლავ არის დეპუტატად ამ შენობაში. მოვისმინეთ? – თუ დავინახეთ, რასაც ეს ადამიანი საუბრობდა. ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული. თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული, შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს”, – აცხადებს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2-მა“ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი – გია დანელია ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები