“ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”

„ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაუშვა თუ არა სამინისტრომ შეცდომა სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის შესახებ თავდაპირველ ინფორმაციის გავრცელებისას, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ, პირველ ეტაპზე, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოხდა ბრალდებულის დაკავება და სამინისტრომ იმ მომენტში არსებული ინფორმაცია გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველად ვინც დააკავეს და ამ საქმეში ბრალდებული ვინც გაჩნდა, მის შესახებ, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. ოთხი ადამიანი იყო გარდაცვლილი და, ბუნებრივია, ინტერესი საზოგადოებაში იყო მაღალი. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ სხვა ინფორმაციაც, როდესაც გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუ კიდევ ვინმეს დააკავებენ, ახალი გარემოება გამოიკვეთება ამ საქმეზე, დამერწმუნეთ, რომ ამაზეც ინფორმაციას მოგაწოდებთ. ვინც დაკავებული გვყავს, აბსოლუტურად ყველასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მტკიცებულებები გვაქვს. თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისათვის, 3 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა შვილი, რძალი და მეზობლები – დედა-შვილი მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალსა და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა ო.გ. ადგილზე დააკავეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის ადგილზე 2 სხვადასხვა იარაღიდან ისროლეს, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით დადასტურდა.
გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან კი მხოლოდ ერთ-ერთის იყო ამოღებული.
„ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად“, – განმარტეს შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები