მანგლისში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აბონენტების ახალ ქსელზე გადაერთება მიმდინარეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა მანგლისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს. ამ დროისთვის აბონენტების ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადაერთება მიმდინარეობს.
„სამუშაოების პროცესში მილი დაზიანდა, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ კომპანიამ აბონენტები გააფრთხილა და მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა. წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდის საშუალებით მიაწვდის. მანგლისის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის – მანგლელის ქუჩაზე ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაო რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც ქსელი დაიტესტება და წყლის სინჯები ლაბორატორიულად შემოწმდება. დაახლოებით, 10 დღეში 300-მდე ოჯახი წყალს ახალი ქსელიდან მიიღებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, კომპანიამ მანგლისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელი კი ახალი სისტემით შეიცვალა.
დაბა მანგლისის მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია, დღეგამოშვებით, ნაწილს კი 2-3-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შედეგად, გაიზრდება წყლის დებიტი და ადგილობრივები გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ.