“ეს არის სიცრუე” – ირაკლი ჩიქოვანი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)

“ბატონი ბეჟაშვილი, ბატონი მინაშვილი, ბატონი ხაბეიშვილი ჩამწკრივდნენ რიგში და გვიყვებიან იმის შესახებ, თუ რა მძიმე ვითარებაა ზუგდიდში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს, მმართველი გუნდი ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ენმ მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

“ქართული ოცნება” ძალიან მშვიდ, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდელებს გეგა შენგელიას არჩევის შემთხვევაში. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა საფუძველიც და ერთადერთი დასტურიც ზემოჩამოთვლილი ადამიანების სიტყვებია – ეს არის სიცრუე. ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ცრუ და არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებენ, ქმნიან, თითქოსდა, დაძაბულობის ფონს. თუ რაიმე ფაქტი არსებობს ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით, მიმართონ სამართალდამცავებს. დამერწმუნეთ, ჩვენ ზუგდიდელებს არ ვაკადრებთ იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ძალიან მშვიდი, ნორმალური კამპანიის ფონზე მივიდეთ არჩევნების დღემდე და დავასრულოთ ეს არჩევნები გამარჯვებით”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა მედიას იმ პირების ვინაობა წარუდგინა, რომლებიც სამეგრელოში ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობენ. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ ამომრჩეველს 150 ლარს სთავაზობს, 200 ლარს კი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს. “მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში იმიტომ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობა, რათა ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება; ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურს. ამაში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად, როგორიც არის ჭაბუკა რაფავა, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს უფროსის მოადგილეა; ასევე, ბატონი პაატა ზარანდია, რომელიც ფინანსური პოლიციის თანამშრომელია და გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, ბატონი კაკავას კადრი. მას კონკრეტულად ჩაბარებული აქვს ჯიხაშკარი, სადაც ადამიანების ახორციელებს ზეწოლას, ტერორს, დაშინებას და მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს; ასევე, ბატონი გელა შანავა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობს და ამ შემთხვევაში ამ ადამიანს ჩაბარებული აქვს ქალაქი ზუგდიდი და ზედა ეწერი. რაც შეეხება ადგილობრივ “ზონდერებს” – ვასახელებ დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ბატონი თენგიზ გოგოლიშვილს, რომელიც ემუქრება თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემენ ხმას “ქართულ ოცნებას” ან არ გადასცემენ მათ პირადობის მოწმობას; ასევე, ბატონი დავით კოდუა, რომელიც მსგავს სპეცოპერაციას ატარებს დარჩელში და გახლავთ “ქართული ოცნების” შტაბის წევრი და სუს-ის “ზონდერი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ენმ-ის ლიდერს გამართულ ბრიფინგზე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები