ტარიელ კაკაბაძე გირგვლიანის საქმეზე: კრიტიკა უფრო უნდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის მიმართ, არ გააკეთეს ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის თაობაზე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ვალდებულებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ განახორციელა.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მოცემულ საქმეზე კრიტიკის ძირითადი ობიექტები უნდა გამხდარიყვნენ წინა ინსტანციები და ნაკლებად – უზენაესი სასამართლო.
შესაბამისი შეფასება კაკაბაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ფარგლებში გააკეთა, სადაც მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ.
დისკუსიის მთავარი თემა “გირგვლიანის ქეისი” იყო.
“პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა არ გააკეთეს ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ. ჩემი აზრით, აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. ასევე, პრობლემაა ის, რომ, ჩემი აზრით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში განაჩენების გამოტანა ხდებოდა მტკიცებულებების გარეშე. მე წამიკითხავს უამრავი განაჩენი, მათ შორის, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, სადაც რეალურ მტკიცებულებაზე საერთოდ არ არის საუბარი და მითითება, თუ რითი დასტურდება, რომ ამა თუ იმ პირმა ჩაიდინა დანაშაული – ჩემთვის ეს უფრო დიდი ტრაგედიაა”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
რაც შეეხება იმას, მოახდენდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მიერ “გირგვლიანის საქმეზე” კერძო განჩინება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას – კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ეს გავლენას არ მოახდენდა.
ამასთან, კაკაბაძის თქმით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შეეძლო, მიეთითებინა უფრო მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა ამის ვალდებულება მას არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები