არქიტექტორი: გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარედ აშენდება ტაძარი და სხვადასხვა პროექტი განხორციელდება
სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარედ აშენდება ტაძარი, სკვერი, საბავშვო ბაღი და მოეწყობა მთლიანი ტერასა – ამის შესახებ პროექტის არქიტექტორმა, დავით სვანიძემ განაცხადა.
“ტაძრის მშენებლობა დაიწყება ზუსტად ამ სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას. საკმაოდ წარმოსადეგი ადგილია – ძალიან კარგი ხედით. გადაწყდა, რომ არის სამნავიანი ტაძარი, მოეწყობა მთლიანი ტერასა, რომლის ქვემოთ განთავსდება სამრევლო, სახლი, სკოლა, ინფრასტრუქტურული ნაწილი, რაც პროექტს ახლავს. გათვალისწინებულია ტაძრის კარიბჭის, ავტოსადგომის მშენებლობაც და ეს ყველაფერი ჩაწერილი იქნება ერთიან დიდ განაშენიანებაში. მოეწყობა დასასვენებელი პარკი და ერთიანი დიდი ანსამბლი იქნება. წარმოდგენილია შესაბამისი ესკიზები, როგორიც საბოლოოდ უნდა იყოს. გრუნტის დაძიებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, შემდეგ უკვე გადაწყდება მისი კონსტრუქციული მდგრადობა. ციცაბო დაღმართია. მალე დაიწყება მშენებლობა და განხორციელდება ეს პროექტი”, – განაცხადა დავით სვანიძემ.
შეგახსენებთ, სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი “ქართუ” აფინანსებს. სოფელში გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ადგილობრივებს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა, რომელიც ადგილზე რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.