ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქუთაისის პირველ საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერმა, თინა აბულაძემ, ქუთაისის I საერთაშორისო ბიზნესფორუმის ფარგლებში, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ პანელურ სესიაზე მონაწილეობა მიიღო. თინა აბულაძემ სესიაზე პრეზენტაცია წარადგინა თემაზე „ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარებისთვის“. მან ისაუბრა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე, საჭიროებებზე, ხედვასა და ქმედებებზე, რომლებიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების დასაძლევად და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
სესიას ევროკავშირის ინიციატივის კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძე უძღვებოდა. პანელში, ასევე, მონაწილეობდნენ ქართველი, ბელარუსი და მოლდოველი მუნიციპალიტეტების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
სესიის მიმდინარეობისას არაერთხელ აღინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმატებების შესახებ. პანელის დასრულებისას M4EG-ის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ კორსბმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს სამაგალითოდ აღიარებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა.
სესიის შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ბიზნესის ხელშესაწყობად სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.