გიორგი გოგლიჩიძემ ქართველ მრევლს გიორგობა მიულოცა: დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჩაატარა.
წირვის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატმა თანაქალაქელებსა და სრულიად საქართველოს გიორგობა მიულოცა.
“მინდა, გიორგობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს, სრულიად საქართველოს მივულოცო. წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია, წმ. გიორგი საქართველოს მფარველია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ, იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით, მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის, ბორბალზე გაკვრაც. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს “ქართული” ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში ამ ფაქტის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოდან გადავიდა.