მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ახალი ინსტიტუტი შეიქმნა. მან გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა.
​პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.
​მათივე ინფორმაციით, ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე; მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.
“გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი არაერთ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის – უნგრეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში არსებობს. აღნიშნული ინსტიტუტის დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები.
დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი – საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. 2008 -2016 წლებში დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით. პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები, ასევე, განახორციელა ინიციატივა – დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები