მაშველებმა ტყეში დაკარგული 6 ტურისტი იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ტყეში გზააბნეული 6 პირი, მათ შორის – 2 მოზარდი და თურქეთის 1 მოქალაქე შეტყობინების მიღებიდან 35 წუთში იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც უწყებიდან ,,კვირას” აცნობეს, საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.
როგორც ტურისტებმა განაცხადეს, ისინი სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მათ ამის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – „112“-ს აცნობეს, რის შემდეგაც მათი მოძიება უმოკლეს დროში მოხდა.
ექვსივე ტურისტი თავს კარგად გრძნობს.