საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ
საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პასპორტის უფასოდ მიღება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთასა და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის – საარჩევნო უფლების რეალიზაციას; იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.
“ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.
აღსანიშნია, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებსა და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.