ისანი-სამგორის რაიონში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია განხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე ისანი-სამგორის სპორტული ცენტრისთვის 300 000 ლარის გამოყოფის თაობაზე იმსჯელებენ.
„ეს თანხა საჭიროა იმისთვის, რომ იქ არსებული კორტების რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ცენტრი მდებარეობს ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის და ჩვენ გვინდა, რომ ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი ჰარდის კორტი და უნდა რეაბილიტირდეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც აღიჭურვება სპორტული ინვენტარით და საჭირო ავეჯით. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კალაძემ.