მურუსიძე შავგულიძეს: რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი მოთხოვნა, როდესაც ითხოვდით საქმის დაბრუნებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში?
„რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი მოთხოვნა, როდესაც ითხოვდით საქმის დაბრუნებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში?” – ამ კითხვით მიმართა მოსამართლე ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “პირისპირ”.
მოსამართლე ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმის ყოფილ ადვოკატს, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს განუცხადა, რომ ვერავითარი ევროპული კონვენცია იმას ვერ იტყვის, რომ მხარე თუ არ გაასაჩივრებს და არ მოითხოვს სასამართლოში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ევროპული კონვენციის მუხლებით და შესაბამისად, სასამართლომ თავად, თავისი ინიციატივით უნდა გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რასაც მხარე არ ითხოვს:
„ეხლა თქვენი საკასაციო საჩივარი მიჭირავს აქ. თქვენ ბრძანებთ, რომ საქმე უნდა ჩამებრუნებინა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. დაუშვათ საქმეში არის რაღაც დარღვევები, ეს დარღვევები რომ დაფიქსირდეს, რაღაც შედეგებამდე უნდა მივიდეთ, ვიღაცას კვალიფიკაცია დაუმძიმდეს, სასჯელი გაეზარდოს, შეუმცირდეს, გამართლდეს, გამტყუნდეს, რაღაც შედეგებამდე უნდა მივიდეთ. თქვენ რა მიზანს ემსახურებოდით, რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი მოთხოვნა, როდესაც ითხოვდით საქმის დაბრუნებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში? წავიკითხავ, ვინაიდან საკასაციო ინსტანციას შეუძლია საქმის ხელახლა სასამართლო განხილვისთვის დაბრუნება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ჩვენ ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს იმ იმედით… აი, რა იმედი გქონდათ ეხლა თქვენ და დაბრუნებას იმიტომ მთხოვდით, რომ ის იმედი გქონდათ, რომ მოცემულს საქმეზე ხელახალი სასამართლო გამოძიების ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში გამოვლინდება გარემოებები, რომლებიც საჭიროს გახდიან პროკურატურის მხრიდან მსჯავდებულთა პასუხისმგებლობის დამძიმებისათვის საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენებას ანუ თქვენ ბრძანებთ ესეთ რაღაცას, რომ თქვენი მიზანია, საქმე ჩაბრუნდეს ქვემდგომ ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული არ გაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ითხოვთ რას, რომ პროკურორს შემდგომ წარმოეშობა ამ განხილვების შედეგად, სასამართლო განხილვების შედეგად, რომელიც საქმე დაბრუნდება აპელაციაში და სასამართლოს წინაშე დააყენებს მოთხოვნას საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ. იმავე საკასაციო საჩივარში ზემოთ, თქვენ აღიარებთ, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ზემოთ წერთ, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თეორიული შესაძლებლობაც კი არ აქვს იმ პერიოდში მოქმედი და ეხლა მითუმეტეს, მოქმედი საპროცესო კოდექსი, რომ პროკურორს რომც მოეთხოვა საქმის დაბრუნება, აი ვთქვათ, აღმოჩენილიყო ისე, რომ ჩაბრუნებულიყო საქმე აპელაციაში და შემდგომ პროკურორს წარმოჩენოდა სურვილი, რომ საქმე დაბრუნებულიყო დამატებით გამოძიებაში, საპროცესო კოდექსის თანახმად ნოლი იყო შანსი, თეორიულად შეუძლებელი იყო სააპელაციო ინსტანციიდან საქმე დაბრუნებულიყო დამატებით გამოძიებაში”, – განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, შალვა შავგულიძე საქმის აპელაციაში ხელახალი დაბრუნება იმიტომ სურს, რომ შემდგომ პროკურორს წარმოეშვას იმის განცდა, რომ საქმე არ არის კარგად ნაწარმოები და საქმე დაბრუნდეს დამატებით გამოძიებაში:
„ამ პროცესში არის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები და ვერც ერთს ვერ ნახავთ, რომლითაც სააპელაციო ინსტანციას პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაშიც შეეძლოს საქმის დაბრუნება დამატებით გამოძიებაში. თქვენ, როდესაც ბრძანებდით, რომ თქვენ გინდოდათ საქმის ჩაბრუნება აპელაციაში და იყო დარღვევები, გასაგებია ვთქვათ თვლით, რომ იყო დარღვევები და კი ბატონო, მაგრამ რამე შედეგში ხომ უნდა ასახულიყო ეს? თქვენ მიგაჩნდათ, რომ თუ საქმე დაბრუნდებოდა აპელაციაში, შემდგომ პროკურორი მოითხოვდა საქმის ჩაბრუნებას დამატებით გამოძიებაში, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი. ეხლა რა მინდა გითხრათ, საქმე თუ ჩაბრუნდებოდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თქვენ გადაგეწეოდათ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ანუ როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა ის განჩინება, რომელიც გამოვიტანეთ, თქვენ შემდგომ მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს და საქმის განხილვა წავიდა. იმ შემთხვევაში როდესაც უპერსპექტივოდ, მე მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევა იქნებოდა თუ ჩავაბრუნებდი, ამას აღარ შევეხები, მაგრამ დაუშვათ, დავყოლოდი თქვენ ნებას და სრულიად უპერსპექტივოდ საქმე ჩაბრუნებულიყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, აბსოლუტურად იგივე შედეგი დადგებოდა, ეს გადაგივადებთათ თუ არა თქვენ იმ ვადას, რომლითაც მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძისა და ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძის დებატები გაიმართა.