აჭარის ტელევიზიის ოპერატორი სალაძეს: არ მოსულხართ და არ გიკითხავთ, რა გვიჭირდა, თვეების განმავლობაში ვაყენებდით ჩვენს პრობლემას და უშედეგოდ
საია-ს აჭარის ფილიალში გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორი – ლაშა ჯოყილაძე დაუპირისპირდა.
საია-ს აჭარის ფილიალში, სადაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე პრესკონფერენცია იმართებოდა, საია-ს თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორი – ლაშა ჯოყილაძე დაუპირისპირდა.
სულხან სალაძემ არ გამორიცხა, რომ პროცესები, რომლებიც კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა, მართული იყო გარკვეული ძალების მხრიდან. მან მაგალითად მოიყვანა ოპერატორების გაფიცვა, რომელიც კაპანაძის გადაყენებისთანავე შეწყდა. პრესკონფერენციის გადასაღებად მყოფმა ოპერატორმა სწორედ ეს განცხადება გააპროტესტა.
„ბატონო სულხან, თქვენ არ მოსულხართ ჩვენთან და არ გიკითხავთ, რა გვიჭირდა. თვეების განმავლობაში ვაყენებდით ჩვენს პრობლემას და უშედეგოდ. ახლა კი ამბობთ, რომ, თურმე, ჩვენ მართული ვიყავით, არაკორექტულია ეს განცხადება“, – მიმართა ოპერატორმა სულხან სალაძეს.
ნათია კაპანაძის განმარტებით, ცვლილებები ცალკეულ ადამიანებზე ვერ განხორციელდებოდა.
„აჭარის მაუწყებლის მართვის ფინანსურ ნაწილში, მათ შორის, ხელფასებთან მიმართებით, უნდა განხორციელებულიყო ძირეული რეფორმა და ეს ვერ შეეხებოდა მხოლოდ 13 ადამიანს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს.