ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ბათუმში მანქანით მამაკაცს დაეჯახა
28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩამომხრჩვალი მამაკაცი საკუთარ ეზოში იპოვეს.
“გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, სადაც თავად ფიგურირებდა.
„გასულ შაბათს, ნ.კ. სამსახურეობრივი ავტომანქანით ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.კ-ს წინააღმდეგ დაღუპულის ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავს: “უბედური შემთხვევა მოხდა. თან გარდაცვლილი ჩვენი სოფლის სიძე აღმოჩნდა. არ უჩივლა ოჯახმა და პოლიციას არ დაუკავებია ნ.კ, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს”,- წერს “გურიის მოამბე“.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.