აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
„საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდისა და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძისა და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე – ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები