მარიამ ჯაშმა ტუნისში გამართულ გლობალურ ფორუმზე საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გენდერული თანასწორობის შესახებ ტუნისში გამართულ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის გამოცდილება და რეკომენდაციები გაუზიარა სესიის დელეგატებს, რომლებიც  პეკინის დეკლარაციის დანერგვის პროცესში პარლამენტის როლს განიხილავდნენ.

მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის 100 წლის ისტორია აღნიშნა და რომ ჯერ კიდევ 1919 წელს ქვეყანამ პირველი ქალი პარლამენტარები აირჩია. ასევე, ქალთა თანასწორი უფლებების მიმართებაში ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროებში საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს.

თუმცა ქვეყანაში კვლავ დაბალია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ქალბატონების საშუალო შემოსავალი 35%-ით ჩამოუვარდება მამაკაცების შემოსავალს. მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად აქტიურად მუშაობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

სესიაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია პარლამენტარების, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსების უფრო აქტიური ჩართულობა ქალთა უფლებების დასაცავად გლობალურ დიალოგში.

ფორუმის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მშვიდობის დამყარების პროცესში ქალბატონების როლის ზრდის ხელშეწყობა.

ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები შეჯამდება “პეკინი+25” დიალოგისათვის, რომელიც 2020 წელს გაიმართება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: ტუნისის მთავრობა, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაცია.

ფორუმის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ ტუნისის პრემიერმინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები