იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ქუთაისის ციხეში განთავსებული 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო

„დღეიდან ეს ბავშვები მეტ დროს გაატარებენ ეზოში, ჰაერზე, ვიდრე ე.წ. სასეირნო საკანში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვნებთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან​ წინასააღდგომო შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაში გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, მოსამართლე რენატე ვინტერიც მონაწილეობდა.
როგორც “კვირას” სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119 ბრძანებით დამტკიცებული ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება. მათივე ინფორმაციით, დებულების 34-ე მუხლის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებული დამატებით სარგებლობს სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით კვირაში არანაკლებ – 4 საათისა.
“მიუხედავად ამისა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნები სუფთა ჰაერზე დღეში ერთ საათს მხოლოდ ე.წ. სასეირნო საკანში ატარებენ, ხოლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა მათთვის ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობის საშუალებას საერთოდ არ იძლევა. ჟანგბადისა და მზის სხივების ნაკლებობა მათთვის სერიოზული პრობლემაა.
2019 წლის ზამთარში, იუსტიციის მინისტრის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების ერთ-ერთი შიდა ეზო კეთილმოწყობილიყო და ადმინისტრაციას არასრულწლოვნებისთვის საშუალება მიეცა, სასეირნო საკანში ერთი საათით ყოფნის ნაცვლად, უფრო მეტი დრო ჰაერზე, ახალმოწყობილ ეზოში გაეტარებინათ.
მას შემდეგ ეზოში გაკეთდა სასეირნო ბილიკები, ბორდიურები, დაითესა ბალახი და დაირგა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები.
მინისტრის დღევანდელი ვიზიტისას არასრულწლოვნები პირველად გამოვიდნენ საკნებიდან და მათთვის მოწყობილ სპეციალურ ეზოში მზეზე რამდენიმე საათი გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის დღის განმავლობაში გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ არაერთი რეკომენდაციაა წარსულში გაცემული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქცენტი სწორედ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაკეთდა. კომიტეტის მიერ, რეკომენდაციის სახით, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ დროისათვის არსებული ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლის, მისი კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის საჭიროება. იგივე რეკომენდაცია გასცეს 2015 წელს კვლავ CPT-მ და 2017 წელსევროკავშირისა და UNICEF-ის საერთაშორისო ექსპერტმა.
დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის N 2 პენიტენციურ დაწესებულებაში 11 არასრულწლოვანია განთავსებული, მათ შორის 3 მსჯავრდებულია, ხოლო 8 – ბრალდებული”,- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები