ბათუმში, არდაგანის ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს – ტბაში გაურკვეველი სითხეა ჩაღვრილი

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა. ელჩი აღნიშნულთან დაკავშირებით სურათსაც აქვეყნებს და წერს, რომ ტბა შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან არც ისე მიმზიდველი.
„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
საკითხთან დაკავშირებით, “ბათუმის წყალში” აცხადებენ, რომ ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურსა და არხებში.
“გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტორმის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებს.
26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით. ფაქტის დაფიქსირებისთანავე, ადგილზე მობილიზდა შპს “ბათუმის წყალის” სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ქალაქის სანიღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც საბოლოო ჯამში თავს იყრის ტბაში. მოსახლეობას ვთხოვთ, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურში და სანიაღვრე არხებში.
არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა”,-ნათქვამია “ბათუმის წყლის” გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები