ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ლიბიაში შეაჩერეს, საქართველოში ბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, რომლებმაც ლიბია გუშინ დატოვეს, საქართველოში სარფის გავლით დაბრუნდებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი უკვე ტრაპზონში იმყოფებიან და სამშობლოში რამდენიმე საათში იქნებიან.
ცნობისათვის, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყანაში გაუსვლელობის პირობით გააჩერეს.
მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ „დოგან ბეიზე“ (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები