სპორტული ავტომობილის მფლობელებისთვის შეღავათების ამოქმედება იგეგმება

სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის ღირებულება, შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს. შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის.
კანონპროექტით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად – 100 ლარით განისაზღვრება. სპორტული დანიშნულების ავტომობილებზე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ავტორთა განმარტებით, ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებენ.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მათთვის, ვისაც სპორტული ავტომობილების იმპორტის განხორციელება სურთ, პირველ ყოვლისა, აუცილებელი იქნება, ავტომობილი გადააკეთონ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, სპორტის ფედერაციის ტექნიკური პასპორტი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ მათ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები საქართველოს საავტომობილო სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისთვის კეთდება.
„ეს ინიციატივა ეხება იმ საკითხს, როდესაც ავტომრბოლელი, სპორტსმენი ჩამოიყვანს ავტომანქანას. განბაჟების თანხის გადახდა მას, პრაქტიკულად, აღარ უწევს. ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური თანხა ერთადერთი დათქმით – თუ ის გადააკეთებს მანქანას სპორტული დანიშნულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შეღავათი იქნება სპორტსმენებისთვის, ამ სპორტის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები