POSTV – ანალიტიკა: ნარცისი „პოლიტიკური ლიდერების“ მიერ წარმართული პროცესი სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს „ლიდერები” მიშას ნარატივში რჩებიან

0

POSTV-ს ანალიტიკური ვიდეობლოგის – „გურიზმები“ ავტორი, გური სულთანიშვილი თანამედროვე მიშიზმის არსსა და “ნარცისი” ფსევდოავტორიტეტების მიერ პოლიტიკური პროცესის ჩაკეტილ წრეზე გადაყვანის მცდელობას მიმოიხილავს.
„ჩვენი პოლიტიკა სავსეა ეგოიზმით, პირადი ამბიციებით და ეს ყველაფერი ნარცისისტული აქტია. ჩვენთან შეიძლება, ნობელის პრემიის ვითომ „ლაურეატობამ“ ისეთი ამბიციები გაუჩინოს დავით მაღრაძეს, რომ საქართველოს დაცვა გადააწყვეტინოს, მისი დასაცავი გახდეს ხალხი და ქვეყანა“, – ასკვნის ავტორი და იქვე დასძენს, რომ “ნარცისი” „პოლიტიკური ლიდერების“ მიერ წარმართული პროცესი სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და რომ ეს „ლიდერები“ მიშას ნარატივში, მიშიზმის ენაში რჩებიან.
„მიშიზმი მმართველობაში იყო სხვა – დერეგულაცია, ანტისაბჭოთა ნარატივი, დასავლეთი, ავტორიტარიზმი, წამება და მეგალომანიაკი ლიდერი, ხოლო მიშიზმი არამმართველობაში, ანუ ოპოზიციაში, ესაა მხოლოდ მეგალომანიაკი ლიდერი და მისი პიროვნული ამბიციები, მისი დაუოკებელი სურვილი ყველაფრის ფასად, ყველა პრინციპის დარღვევით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მხოლოდ პიროვნული ანგარიშსწორება და არაფერი სიახლე, არაფერი საზოგადო, საყოველთაო, სახალხო და ა.შ. ამიტომაც კერძო დაპირისპირებები, ვიწრო ინტერესები, პიროვნული შუღლები, რომელიც არის მიზეზი შენი ოპოზიციაში ყოფნის, ეს არაა პოლიტიკა, ეს მიშიზმის ენაა“, – ამბობს ვიდეობლოგის ავტორი.
ბოლოს ავტორი ასკვნის: „პოეტმა დავით მაღრაძემ თქვა, “ნაციონალები” და „ოცნება“ ერთნაირები არიანო, ეს მე მესმის არა „ოცნების“ გათანაბრებით “ნაციონალების” დანაშაულებრივ პერიოდთან და, შესაბამისად, „ოცნების“ პირსისხლიან ძალად გამოცხადებად, არამედ – “ნაციონალების” წარსულის დავიწყებად და მათი ამ ფორმით გათანაბრებად „ოცნებასთან“, ანუ ორივეს ლეგიტიმურ ძალად გამოცხადებად, ეს კი დამღუპველი ტენდენცია მგონია“.

კომენტარები

კომენტარი