ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის” გამოცდილებას გაეცნო

0

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (No Country Left Behind – NCLB), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და შპს “საქაერონავიგაციამ” ყირგიზ კოლეგებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანს ფრენის პროცედურების დიზაინისა და კარტოგრაფიის (PANS-OPS) კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (CAA KR) და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (“Kyrgyzaeronavigatsia”) წარმომადგენლები ფრენის პროცედურების დიზაინისა და კარტოგრაფიის ზედამხედველობის კუთხით საქართველოში დანერგილ სტანდარტებს, სამართლებრივ ჩარჩოსა და პროცედურებს გაეცვნენ. ასევე, სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამისი მიმართულების ინსპექტორის სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესზე, ICAO-ს აუდიტის გავლისა და საინსპექციო შემოწმების ჩატარების პრაქტიკულ ასპექტებზე.
შპს „საქაერონავიგაციაში” ვიზიტისას, ყირგიზეთის დელეგაცია ადგილზე გაეცნო ფრენის პროცედურების დიზაინისა და საავიაციო რუკების შემუშავების პროცესს, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროცედურებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციამ როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ისე შპს „საქაერონავიგაციის” მხრიდან მიიღო რეკომენდაციები ეროვნულ დონეზე ფრენის პროცედურების დიზაინისა და კარტოგრაფიის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნია, რომ ICAO-ს „NCLB” ინიციატივისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით კონსულტაციები აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებასაც გაუწია.
ცნობისთვის, ფრენის პროცედურების დიზაინი მოიცავს საჰაერო ხომალდის ფრენის წინასწარ დადგენილ მანევრირებას, რომელიც გულისხმობს აფრენის, დაფრენის, ჰაერში მოცდისა და მეორე წრეზე წასვლის სქემასა და ტრაექტორიას, კარტოგრაფია კი მოიცავს საავიაციო რუკებს. შედგენილი ფრენის პროცედურები და მასთან დაკავშირებული რუკები კოდირებული სახით წინასწარ იტვირთება საჰაერო ხომალდის ფრენის მართვის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენა დაგეგმილი მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი