„არავის აღარ უშვებენ“ – აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ლავრის უდაბნოს მონასტრის საფეხმავლო ბილიკი გადაკეტეს (ფოტოკოლაჟი)

დავით-გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს. საფეხმავლო ბილიკი, რომლითაც ატარებდნენ მოსახლეობას, მესამე დღეა გადაკეტილია, იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ. ინფორმაციას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი (ონიანი) ავრცელებს.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა ბესიკ ღვინაშვილმა განუცხადა, სიტუაცია ამ წუთებშიც არ შეცვლილა, მესაზღვრეები ამბობენ, რომ ბრძანება აქვთ აზერბაიჯანიდან,  ის ბილიკი, რა ბილიკიდანაც ატარებდნენ მოსახლეობას, აღარ გაატარონ არავინ.
„არავის აღარ უშვებენ, უდაბნო ლავრის ერთ-ერთი განშტოებაა, მოსახლეობა ჩიჩხიტურის კოშკიდან ბილიკით ადიოდა უდაბნოს მონასტერში. ახლა მიუდგომელია ჩვენთვის“, – აცხადებს ბესიკ ღვინაშვილი.
ამ წუთებში ადგილზე  სოფელ უდაბნოს დეპუტატი ლექსო იოსელიანი იმყოფება. არქიმანდრიტი კირიონი და საგარეჯოს რაიონის ხელმძღვანელობა მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს სათანადო ზომები.
არქიმანდრიტმა კირიონმა საზღვრის ჩაკეტვის შესახებ 3 დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია: „საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?!
საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ – მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?” – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.
მისივე თქმით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
„სალომე ზურაბიშვილი “ევროპა ნოსტრას” ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა“, – აცხადებს მამა კირიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები