ნინო თანდილაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია“ დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმირების პროცესში მხარდაჭერისთვის.
„მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაც რთული იქნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების გარეშე. ჩვენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაბამისად, თვალსაჩინოა პროგრესიც და ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი – ვინსენტ რეი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კონსორციუმის (ესპანეთი – გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტრო – CMAOT, ნიდერლანდები – ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი – Infomil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო- CENIA) და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი