ილია მეორე დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს. ილია მეორე ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან ერთად მივიდა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს ზიარების საიდუმლოს დაწესება უკავშირდება. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის შემდეგ, 13:00 საათზე ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ილია მეორე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხები დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთისმახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ. 12 სახარებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 19:00 საათზე წაიკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი