დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებაა.
„დაცული ტერიტორიების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება სამინისტროა, თუმცა მმართველობა კომპლექსურია. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბჭოს ძირითადი საქმიანობა კონკრეტულ საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადებაა. ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს. პაატა შანშიაშვილი დაცული ტერიტორიების საქართველოში მსოფლიო კომისიას (IUCN-WCPA) „ფოკალ ფოინთი“ ხელმძღვანელობს და აშშ-ში დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული უწყებების საერთაშორისო პროგრამების მრჩეველია. ის უშუალოდ იყო ჩართული დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების სისტემის შემუშავებაში.
სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი