“გადავეხვიეთ ერთმანეთს ძველი ზვიადისტები” – რა მოხდა სანდრა რულოვსის შეხვედრაზე

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანია რომ არცთუ ღიად მიმდინარეობს, არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა მედიასაშუალებით. დღეს ის ყოფილ და მოქმედ პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა, ამჯერადაც დახურული იყო, თუმცა, ოპოზიციონერმა კანდიდატმა და მისმა მხარდამჭერებმა მედიისთვის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

​​აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, ლიანა გვარამიამ, ჟურნალსტებთან საუბრისას შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ის ძალიან ემოციური იყო, რადგან “ძველი ზვიადისტები” ერთმანეთს შეხვდნენ.
“შეხვედრა სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით იყო და სკოლის პრობლემები ქვეყნის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ყველაფერთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გამოვიდა ძალიან ემოციური, თბილი, კარგი, ოჯახური შეხვედრა. ყველა გადავეხვიეთ ერთმანეთს, ძველი ზვიადისტები, ქალბატონ სევდიასთან გავერთიანდით და რა ვიცი, ძალიან კარგი იყო და კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა ლიანა გვარამიამ.

ჟურნალისტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სანდრა რულოვსს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ “ნაცმოძრაობაში” განხეთქილებაა, კითხვით მიმართეს, თუმცა ოპოზიციონერმა კანდიდატმა აღნიშნული უარყო და განმარტა, რომ ახლა ერთობის დროა და პარტიაში არანაირი განხეთქილება არ არის.
“მთელი პოლიტსაბჭო არის ჩამოსული. ნიკა მელიაც აქ არის, კობა ნაყოფიაც, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი აქ არის. ახლა არანაირი დაპირისპირება არ შეიძლება იყოს. რომც ყოფილიყო რამე აზრთა სხვაობა, ახლა არის ერთიანობის დრო. 3-4 კვირა დარჩა გადამწყვეტი ბრძოლისთვის. 19 მაისს ყველა უნდა წავიდეს, შიშის გარეშე ურნასთან და უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბშია გაჩაღებული. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ერთმანეთს ქობალიასა და წითლიძე-ციკუტანიას გუნდები დაუპირისპირდნენ და რულოვსის შტაბის მართვის სადავეები მთლიანად ქობალიას გუნდმა აიღო; ის პირები კი, ვინც შტაბს ადრე ხელმძღვანელობდნენ, ახლა უკანა პლანზე არიან.
​რა განხეთქილებაა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში – ამის შესახებ “კვირამ” კითხვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაუსვა. მისი განცხადებით, მათ გუნდში დაპირისპირება არ არისდა მსგავსი კითხვები უსაფუძვლოა.
თუმცა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა გვასალია “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, სანდრა რულოვსის შტაბში დაპირისპირება ჯერ კიდევ კანდიდატის წარდგენამდე დაიწყო, რადგან ადგილობრივები რულოვსის კანდიდატურას არ ელოდნენ. ამის გამო, პარტიის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები